ბახალა _ ზოგიერთი ფრინველის ბარტყი (ყვავისა, ყორნისა, ჭილყვავისა, კაჭკაჭისა და მისთანათა)
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელები რკალური ტრაექტორიით განმეორებად მოძრაობას ასრულებს ზევით-ქვევით; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.