წუთისოფელი _ ეს ქვეყანა, ამქვეყნიური ცხოვრება
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წუთი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაქრობა“ _ ზევით მიმართული ხელისგულები გაშლილი თითების წვერებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოვრება“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.